უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთი უნდა დაისაჯოს "რადიაციული შანტაჟისთვის", რისთვისაც ის ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურს იყენებს.
"ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რუსეთის ატომური ინდუსტრიის წინააღმდეგ სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გლობალური სანქციების ნაწილი გახდეს. ეს ადვილი არ არის, არის გარკვეული წინააღმდეგობა, მაგრამ იყო დრო, როდესაც რუსეთის წინააღმდეგ სხვა შეზღუდვები რთულად განსახორციელებელი ჩანდა. ახლა ისინი უკვე მოქმედებს.
მაგალითად, რუსული ნავთობისა და ნავთობპროდუქტებთან დაკავშირებით რუსული სისტემის ყველა ელემენტი, რომელიც ჩართულია ომში, ტერორის უზრუნველყოფასა და აგრესიის დაფინანსებაში, უნდა იყოს იზოლირებული მსოფლიო სისტემიდან, ასეც იქნება. ჩვენ უკვე ვემზადებით მოლაპარაკებებისთვის. ჩვენ არ შევწყვეტთ დიპლომატიურ მარათონს, რომელიც უკრაინის შეიარაღებული და სხვა სახის მხარდაჭერის გასაძლიერებლად დავიწყეთ", - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა.
გუშინ, უკრაინამ რუსეთის 200-მდე მოქალაქეს პერსონალური სანქციები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი უკვე მოაწერა.
ე.წ. შავ სიაში შესაყვან პირთა ნუსხა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შეადგინა. სანქცირებულთა სიაში, რუსების გარდა, ერთი უკრაინელი მოხვდა. საუბარია იური ჩერნიჩუკზე, რომელიც ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მთავარი ინჟინრის მოადგილე იყო და რუსეთის მხარეს გადავიდა.